საზოგადოებრივი მოძრაობა "ქათული ოცნების" ადმინისტრაციულ საჩივარს კონტროლის პალატაში დღეს განიხილავენ.
ამის შესახებ "ქართული ოცნების" იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა "ნიუსპრესს" განუცხადა.
"განხილვაზე დავასაბუთებთ, რომ შეუძლებელია "ქართული ოცნება" მონიტორინგის სუბიექტი იყოს. ფიზიკური პირის - ბიძინა ივანიშვილის და იურიდიული პირის - "ქართული ოცნების" მიზნების და ამოცანების გაიგივება არ უნდა ხდებოდეს. ამასთან, კონტროლის პალატას კანონით არ აქვს უფლება ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანება მონიტორინგის სუბიექტად ცნოს", - განმარტა ზაქარია ქუცნაშვილმა.
საჩივრის განხილვას "ქართული ოცნება" მიმდინარე წლის 6 თებერვლიდან, მას შემდეგ ითხოვს, რაც ის კონტროლის პალატამ მონიტორინგის სუბიექტად გამოაცხადა.
კონტროლის პალატაში საჩივრის განხილვა 17:00 საათზე დაიწყება. პროცესი საჯაროა.
