საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტის ვიზიტი პრაღაში დღეს დაიწყო.
პრეზიდენტის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, პლენარული სხდომა პრაღის კონგრესცენტრში იმართება, სადაც მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა. პრეზიდენტის გამოსვლა თბილისის დროით 3 საათზეა დაგეგმილი. ქვეყნის პირველი პირი საპარლამენტო ასამბლეაზე ნატო-ს გენერალური მდივნის პირადი მოწვევით გაემგზავრა.
პრაღაში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან კარლ ლამერსთან და ევროსტრუქტურების სხვა წარმომადგენლებთან.
ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს პირველი პირი სამუშაო ვიზიტით ბელგიას ეწვევა, სადაც ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ბრიუსელში ქვეყნის პირველი პირი ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა კარნეგის ცენტრში.
