თბილისის მერია სამშენებლო კომპანიებს ახალ, ნებაყოფლობით სერვისს სთავაზობს.
როგორც„ნეუსპრესს“ მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს,
სერვისი ნებაყოფლობითია და იგი საშუალებას იძლევა მშენებლის მიერვე დაიგეგმოს ობიექტის შემოწმების სასურველი დრო, სამსახურის კვალიფიციური თანამშრომლების მიერ დროულად იქნას გამოვლენილი სამშენებლო ობიექტზე არსებული დარღვევები, საჯარიმო სანქციის ნაცვლად მშენებელს მიეცეს სარეკომენდაციო წერილი და გონივრული ვადა დარღვევების გამოსწორებისათვის და დარღვეული პროექტის კორექტირება განხორციელდეს ყოველგვარი საჯარიმო სანქციის გარეშე.
„ახალი სერვისით სარგებლობისას მშენებლობა დაცული იქნება გაუთვალისწინებელი შეფერხებებისგან და მთელი პროცესი კომპანიასა და ზედამხედველობის სამსახურის პარტნიორულ ურთიერთობაზე დამყარებული რეკომენდაციების ჭრილში გადავა. მაკონტროლებელი ორგანო უშუალოდ იქნება ჩართული პროექტის დაცვის კუთხით წარმოშობილი ყველა პრობლემის მოგვარებაში. შესაბამისად, შენობა ექსპლუატაციაში მიღების პროცედურის დროს სრულ შესაბამისობაში იქნება კანონმდებლობასთან“ - მიაჩნიათ მერიაში.
ახალი სერვისის პრეზენტაციას დღეს თბილისის მერი გიგი უგულავა, არქიტექტორები და სამშენებლო კომპანიის წარმოადგენლები დაესწრნენ.
