„თავისუფალი საქართველო“ და „საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაცია“ პედაგოგთა სკოლებში აღდგენას მიესალმება და ამ პროცესის საბავშვო ბაღების პედაგოგების მიმართებაშიც განხორციელებას მოითხოვს.
ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ და „პედაგოგთა და მშობელთა ასოციაციას“ მრავალი საპროტესტო აქცია, თუ სასამართლო პროცესი ჩაუტარებია პედაგოგების სკოლებიდან და საბავშვო ბაღებიდან უკანონოდ გამოყრის თაობაზე და ამ ბრძოლის შედეგად დღევანდელი ხელისუფლების პირობებში შესაძლებელი გახდა პედაგოგების სკოლებში დაბრუნება.
გარდა ამისა, უნდა დადგეს განათლების სისტემის ყველა იმ თანამდებობის პირის პასუხისმგბლობის საკითხი, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ პედაგოგების გამოყრის პროცესში, მათ შორის პოლიტირიზირებული სკოლის დირექტორებისა, რომლებიც „სხვაგვარად“ მოაზროვნე მასწავლებელთა ტერორითა და საარჩევნო გაყალბებით იყვნენ დაკავებულები (მაგალითისათვის, უთურაშვილი გიორგი - თბილისის 70-ე სკოლის დირექტორი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, „ნაცების“ პარტიულ სიაში #147).
ასევე აუცილებელია დადგეს პეტრიაშვილის პროფკაშირების განათლების მიმართულების პრეზიდენტის მაია კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც თითი თითზე არ დაუკარებია, თუნდაც ერთი პედაგოგის დასაცავად, რომლის მთავარ ფუნქციასაც სწორედ პედაგოგთა სამართლიანი უფლებების დაცვა წარმოადგენდა და პედაგოგთა დაცვის მთელი სიმძიმე სწორედ „საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაციაზე“ და პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოზე“ გადმოვიდა“ - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაცია“ და პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ მოითხოვს, რომ როგორც სკოლების, ისე საბავშვო ბაღების ყველა პედაგოგი, რომლებმაც პოლიტიკური მოტივების გამო სამსახური დაკარგეს , აღიარებულ იქნან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად და მოხდეს მათი სოციალური რეაბილიტაცია.
