თბილისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე ზაზა გაბუნია 7 ნოემბრის მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს.
ამი შესახებ მან „პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში გამათულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გაბუნიას თქმით, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს უკავშირდება ათასობით დემონსტრანტის უფლებების დარღვევა და სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბება.
ამასთან გაბუნია მიიჩნევს, რომ 7 ნოემბერს, ძალოვნების მიერ ჩადენილი იქნა სისხლის სამართლის არაერთი დანაშაული.
გაბუნიამ ოპოზიციის დაკავებული აქტივისტის, ლევან გოგიჩაიშვილის საქმის გადახედვის აუცილებლობაზეც ისაუბრა და ამ მოთხოვნით მთავარ პროკურორს მიმართა.
„მიმაჩნია, რომ ლევან გოგიჩაიშვილი არის პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი. ამიტომ, აუცილებელია გადაიხედოს მისი საქმე, რაც ჩემი ღრმა რწმენით გახდება კიდეც მისი პატიმრობიდან გათავისუფლების წინაპირობა“-განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, მას როგორც იმ დროისათვის გაერთიანებული ახალგაზრდული შტაბის ხელმძღვანელს და მის „ქრისტიან-დემოკრატ“ თანაგუნდელებს პირდაპირ შეეხო ხელისუფლების მიერ 2007 წლის 7 ნოემბერს განხორციელებული ქმედებები.
გაბუნიას თქმით, ამ მიზეზით სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილია საქმე სახელწოდებით „გიორგი ახვლედიანი და იმედის ჟურნალისტები“.
ფრაქციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დადგა დრო, როცა 5 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე ადგილობრივმა, ქართულმა მართლმსაჯულებამ უნდა იმსჯელოს და მას სათანადო სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს.
