კოალიცია „არჩევნის თავისფლებისთვის“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„ნიგვზიანში მოსახლეობის ერთი ნაწილი არ აძლევს საშუალებას ჩვენს მუსლიმ თანამემამულეებს, თავისუფლად მისდიონ საკუთარ აღმსარებლობას და ხელს უშლიან მათ კანონიერი რელიგიური რიტუალების გამართვაში“- ნათქვამია კოალიციის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებაში“
კოალიციის წევრები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ასეთი რთული ვითარებისა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები პასიურობენ და არ რეაგირებენ მოსახლეობის ნაწილის აშკარად უკანონო მოთხოვნებისა და ქმედებების მიმართ, რაც ახდენს ახალი მმართველი ძალის დისკრედიტაციას, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების თვალში.
„ასეთ ფაქტებზე ხელისუფლების უმოქმედობამ, ან პირიქით -არსებული ან შესაძლო დაპირისპირებების გამომწვევი მიზეზების ღრმა ანალიზის გარეშე გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღებამ, შეიძლება ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით რელიგიური შუღლის გაღვივებას, უმართავი პროცესების წარმართვას და საფრთხე შეუქმნას სამოქალაქო მშვიდობასა და ქვეყნის უსაფრთხოებას“ - ნათქვამია განცხადებაში.
„არჩევანის თავისუფლებისათვის“ წევრები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება აღნიშნულ ინცინდენტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და გაატარებს პრევენციულ ღონისძიებებს, რათა მომავალში მოქალაქეების რელიგიური უფლებები აღარ შეილახოს.
