ფანჯიკიძე - საჯარო მოხელეები უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან, რადგან მათ პარტიული ინტერესების გატარებას არავინ დაავალებს
ფანჯიკიძე - საჯარო მოხელეები უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან, რადგან მათ პარტიული ინტერესების გატარებას არავინ დაავალებს
14:29 26.10.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ საჯარო მოხელეებს სამსახურის დაკარგვის არ უნდა ეშინოდეთ.

როგორც ფანჯიკიძემ დღეს, სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადა, საჯარო მოხელეები უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან, რადგან მათ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას არავინ დაავალებს.

„როდესაც ელჩი ვიყავი ყოველთვის ვამბობდი, რომ თავი მიმაჩნდა საქართველოს ელჩად და არა რომელიმე პარტიის ელჩად და სწორედ ამ წინააღმდგეობის გამო მომიწია დიპლომატიური სამსახურის დატოვება“-განაცხადა ფანჯიკიძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ცენტრალური აპარატის და არც დიპლომატიური მისიების თანამშრომლებზე პარტიული დავალებები არ გაიცემა.

„მუშაობისთვის ყველას ძალიან კომფორტული პირობები ექნება და ღრმად მწამს, რომ ისინი თავის პროფესიონალიზმს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს მოახმარენ“-განაცხადა ფანჯიკიძემ.

მინისტრის თქმით, ის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ნაწილს კარგად იცნობს, რადგან 16 წელი მუშაობდა სამინისტროში. თუმცა, არიან ახალი კადრებიც, რომლებსაც ფანჯიკიძე არ იცნობს და როგორც მინისტრმა აღნიშნა, დიდი ინტერესით ელოდება მათთან შეხვედრას.

ფანჯიკიძემ მინისტრის მოადგილედ დარჩენა დღეს ყოფილი მინისტრის პირველ მოადგილეს ნიკოლოზ ვაშაკიძეს უკვე შესთავაზა, რომელიც მისი შეფასებით, გამოცდილი დიპლომატია და ის უწყებაში საჭიროა.

ბეჭდვა