პოლიციის ყოფილი პოლკოვნიკი, ძებნილი რევაზ კოტიაშვილი საქართველოში დაბრუნებას გეგმავს
პოლიციის ყოფილი პოლკოვნიკი, ძებნილი რევაზ კოტიაშვილი საქართველოში დაბრუნებას გეგმავს
12:06 26.10.2012
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ცნობით, საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დევნილი რევაზ კოტიაშვილი ბრუნდება.

როგორც „ნიუსპრესს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, რევაზ კოტიაშვილმა, რომელიც 2004 წლიდან რუსეთში იმყოფება, პარტიას მიმართა და აღნიშნა, რომ იგი პოლიციის პოლკოვნიკია და 2004 წლამდე გორის პოლიციის სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, რევაზ კოტიაშვილს ხელისუფლებამ მკვლელების გაშვება დაავალა, რაზეც უარი განაცხადა და ამის შემდეგ დაიწყო მისი დევნა.

„რევაზ კოტიაშვილი ამბობს, რომ ფლობს უამრავ ინფორმაციას, რომელიც ეხება ადამიანების გატაცებას და სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დანაშაულებრივ საქმიანობას“ - აცხადებენ პარტიაში.

მათივე ცნობით, 2006-2007 წლებში რევაზ კოტიაშვილს დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი და 6 წელი მიუსაჯეს, ხოლო ახალი ხელისუფლების პირობებში, ის დარწმუნებულია რომ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას მოახერხებს და უახლოეს დღეებში მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ რევაზ კოტიაშვილი თხოვნით მიმართავს შსს-ს და იუსტიციის სამინისტროს, მისი საქმის ხელახალ განხილვამდე არ დააპატიმრონ.

ამასთან, რევაზ კოტიაშვილი აპირებს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია რეზონანსულ საქმეებსა და სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

ბეჭდვა