დასუფთავების გადასახადის შემცირების ახალ მოდელს საკრებულო დღეს დაამტკიცებს
დასუფთავების გადასახადის შემცირების ახალ მოდელს საკრებულო დღეს დაამტკიცებს
10:10 26.10.2012
ზამთრის პერიოდში დასუფთავების გადასახადი განახევრდება. აღნიშნული მოდელი თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.

საკრებულოს დეპუტატებმა დასუფთავების ტარიფზე გუშინ, კომისიების ერთობლივ სხდომაზე იმსჯელეს და თბილისის მერიის მიერ შემუშავებული გადასახადის 50%-ით შემცირების მოდელი განიხილეს, რაც 1 კვტ/სთ გახარჯულ ელექტროენერგიაზე 2,5 თეთრს ითვალისწინებს.

კერძოდ, თუ დღემდე მოხმარებული 100 კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე მოსახლე 1 კვტ/სთ-ში 5 თეთრს იხდიდა, ეს ციფრი 2.5 თეთრამდე შემცირდა.

ამასთან, როგორც სხდომაზე დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ კოკი იონათამიშვილმა განაცხადა, ძალაში დარჩება სოციალურად დაუცველ პირთა შეღავათიები და ისინი 2.5 თეთრის ნახევარს გადაიხდიან.

თბილისის მოსახლეობა, აღნიშნული მოდელით, დასუფთავების გადასახადს ზამთრის სეზონზე - ნოემბერ-მარტში გადაიხდის.

გუშინდელ სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა კახა კუკავამ საკითხის გადადების შესახებ წინადადება წამოაყენა და განაცხადა, რომ უმჯობესია გადაწყვეტილების ახალ მთავრობასთან შეთანხმებით მიღება.

კუკავას განმარტებით, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ სისტემის მთლიანად შეცვლას გეგმავს, რაც ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის განცალკევებას გულისხმობს.

„ხალხმა გააკეთა არჩევანი, ხოლო „ქართული ოცნების“ დაპირება იყო, სისტემის გაუქმება. ამიტომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას, რადგან ეს არის მიზერული ცვლილება. მინდა ვთხოვო ცენტრალურ მთავრობას, კიდევ ერთხელ დაინტერესდეს და მის მიერ გაცემული დაპირების შესრულება დაიწყოს“-განაცხადა კუკავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებით, თბილისის მერიამ ამ მოდელის შეთავაზებით, საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო.

„დღეისთვის ეს არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი და ყველაზე კარგი გამოსავალი. ამ მოდელს გარკვეული დოტაცია სჭირდება. მერია ამაზე მუშაობს და ბიუჯეტის დამტკიცებისას ამ საკითხსაც განიხილავს“-განაცხადა იონათამიშვილმა.

საკრებულოს სხდომა დღეს გაიმართება.




ბეჭდვა