კობა დავითაშვილმა „ნაცმოძრაობას“ 9 წლის განმავლობაში შეუსრულებელი საარჩევნო დაპირებები შეახსენა
კობა დავითაშვილმა „ნაცმოძრაობას“ 9 წლის განმავლობაში შეუსრულებელი საარჩევნო დაპირებები შეახსენა
14:41 25.10.2012
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა უმცირესობის შენიშვნების საპასუხოდ, პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ 9 წლის განმავლობაში შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა.

უმცირესობის წევრები თავის გამოსვლებში აცხადებდნენ, რომ გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნება“ და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო დაპირებებს არ ასრულებენ.

„ჯერ თქვენ შეუსრულებელ დაპირებებს მიხედეთ და იმაზე გაეცით ხალხს პასუხი და შემდეგ ისაუბრეთ სხვაზე“ – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, უმცირესობა საუბრობს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებზე მაშინ, როდესაც ჯერ ახალ მთავრობას ფუნქციონირება არ დაუწყია და ის დამტკიცებულიც კი არ არის.

„თქვენ თუ დაუბრუნეთ ანაბრები ხალხს, მცირე მეწარმეები ორი წლით გადასახადიდან თუ გაათავისუფლეთ, პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით თუ დაამკვიდრეთ ან ტერიტორიული მთლიანობა თუ აღადგინეთ, 100 დოლარიანი პენსია თუ შემოიღეთ, რომელსაც მოსახლეობას ხელწერილით ჰპირდებოდით? რომელიმე თქვენი დაპირება შეასრულეთ?“ - მიმართა დავითაშვილმა უმცირესობას.

მისი თქმით, უმცირესობა უმრავლესობას იმაში ადანაშაულებს, რომ გუნდში ჰყავს ადამიანი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

„თქვენს გუნდში არის ადამიანი და ის აქ ამ დარბაზში ზის, რომელიც ადამიანების წამებაში და გაუპატიურებაში მონაწილეობდა“ - განაცხადა დავითაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ის ეთანხმება უმცირესობის განცხადებას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველას პრეზიდენტია და ის 5 წლით არის არჩეული.

„ხუთი წელი გადის 5 იანვარს და მაშინ უნდა დავასრულოთ მისი ვადა, რომლითაც ის არჩეულია. მოვიქცეთ ასე?“ - აღნიშნა დავითაშვილმა.

ამასთან, იგი ქუთაისის ყოფილი მერის, უმცირესობის წევრის გიორგი თევდორაძის გამოსვლას გამოეხმაურა და განაცხადა, პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობაზე დახარჯული თანხა ქალაქს რომ მოხმარებოდა, არა მხოლოდ ქუთაისი, არამედ იმერეთის პრობლემები მოგვარდებოდა.





ბეჭდვა