ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს რეალობის დანახვა ურჩია
ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს რეალობის დანახვა ურჩია
14:29 25.10.2012
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს იმ რეალობის დანახვას ურჩევს, რომელსაც მისი თქმით, ისინი ასცდნენ.

როგორც ბესელიამ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მას სამთავრობო პროგრამის ის ნაწილი მიაჩნია მნიშვნელოვნად, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.

მისი თქმით, სწორედ ამ მხრივ ხედავს გარანტიებს იმ ნოვაციებში და განსახორციელებელ რეფორმებში, რომლებიც ახალი მთავრობის პროგრამაშია ასახული.

„ახალი პარლამენტის პირობებში შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ ის გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომლებსაც ხალხი ჩვენგან ელოდება. გადაწყვეტილებები, რომლებიც მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკიდან ჰუმანურ პოლიტიკაზე გადასვლაზეა ორიენტირებული“ - განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, მთავარი, რისთვისაც რეფორმები უნდა განხორციელდეს, მოკლე დროში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული უმძიმესი ვითარების შეცვლაა.

ბესელიას განცხადებით, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან 4 დღის განმავლობაში მან უამრავი განცხადება და საჩივარი მიიღო, რაც წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული უმძიმესი მემკვიდრეობის შედეგია.

„ადამიანის უფლებების დარღვევების მიხედვით, უმძიმესი რეალობა გვაქვს. საქართველო ევროპაში პატიმრების რაოდენობით მართლაც პირველ ადგილზე გამოჩნდა. ეს უმძიმეს ვითარებაში ამყოფებს თავად პატიმრებს და ასევე, უმძიმესი ლაქაა ქვეყნისთვის“ - აღნიშნა მან.

ბესელია დარწმუნებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსში სასჯელთა შეკრებითობის გაუქმება, საპროცესო შეთანხმების შეცვლა და მისი მთავარი შინაარსის დაბრუნება ძალიან მალე მოხდება.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ადვოკატის ინსტიტუტის გაძლიერება და სასამართლო სისტემის რეფორმა, რადგან ხალხს დამოუკიდებელი სასამართლოს მეშვეობით დაუბრუნდეს იმის განცდა, რომ ქვეყანაში მართლაც ის ხელისუფლებაა, რომლის პირობებში თითოეულ ადამიანს სამართლის პოვნის შესაძლებლობა ექნება.

„უცნაურობაა, რომ თქვენი მთავრობის ლიდერმა მთავრობის ის შემადგენლობა წარადგინა, რომელსაც თქვენ მხარს არ უჭერთ. ხალხის განწყობას არ იზიარებთ და მუდმივად თქვენი ხალხის ოპოზიციაში იმყოფებით. მათ სურვილებს ებრძვით. საკუთარ ლიდერსაც უკვე ოპოზიციაში უდგახართ. სად ხართ, წარსულში დარჩით? - მიმართა ბესელიამ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს და მათ რეალობის დანახვა ურჩია.




ბეჭდვა