პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ბარამიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილს ეტყობა, რომ ყველაფერს გულწრფელად საუბრობს.
როგორც მან უმცირესობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შეხვედრის დროს აღნიშნა, ივანიშვილს შეცდომის აღიარების და პოზიციის შეცვლის ხელოვნებაც აქვს ათვისებული, რაც აბსოლუტურად ნორმალურია.
„კოლეგებს ვეუბნებოდი, რომ ეს ადამიანი რასაც ლაპარაკობს, გულწრფელად ლაპარაკობს. ეს აბსოლუტურად გეტყობათ. მათ შორის ეტყობა იმასაც, რომ თქვენს გუნდს აქედან არიგებდით ჭკუას. აბსოლუტურად სწორ რაღაცას ეუბნებოდით, რასაც კლასიკური გაგებით პოლიტიკოსი შინაურ წრეში გააკეთებდა“ - განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, გულწრფელობა ივანიშვილის მიმართ რაღაცნაირად მართლაც სიმპატიურად განაწყობს ადამიანს.
ბარამიძის განცხადებით, ივანიშვილს იმის უნარიც აქვს, რომ თუ რაღაც არასწორად თქვა, აღიაროს და სურვილის შემთხვევაში, პოზიცია შეცვალოს.
„პოზიციის შეცვლის მაგალითებიც ნიშნის მოგებით არ არის ნათქვამი. ეს ცუდი არაა. თუ ადამიანმა დაინახა, რომ რაღაც არასწორი თქვა და თავისი აზრი შეცვალა ეს ძალიან ნორმალურია. ეს ხელოვნება ათვისებული გაქვთ. იმედია, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება“ - აღნიშნა ბარამიძემ.
ამასთან, ბარამიძე დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებით საკუთარი გამონათქვამების გადახედვის შემდეგ უკეთეს საქართველოს ნახავს.
„ამავდროულად, ძალიან ბევრ პრობლემას ნახავთ, რომელიც აქამდე არ იცოდით. რაღაცეები ყოველთვის არის ჩრდილში, რომელიც ვერ გავაკეთეთ და რაც შეიძლება დანაშაულიც იყოს. ძალიან კარგია, რომ სასამართლოს წესით ყველაფერი გამოიძიება. არ არსებობს იმის ილუზია, რომ რომელიმე ხელისუფლება შეცდომას არ უშვებს“ - აღნიშნა ბარამიძემ.
მისი თქმით, ყველა დამნაშავე, რომელიც წინა ხელისუფლებაში იყო, პირველ რიგში მათი გუნდის მტერია, რადგან ისინი ხელისუფლების დისკრედიტაციას ახდენდნენ.
