ბობოხიძე ივანიშვილს მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტი უწოდოს
ბობოხიძე ივანიშვილს მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტი უწოდოს
14:48 24.10.2012
საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე იმედოვნებს, რომ ახალი მთავრობა ქვეყანაში არსებულ ვითარებას მალე გაეცნობა და საჭირბოროტო საკითხებზე კონკრეტულად გაწერილ გეგმას შეადგენს.

ბობოხიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე არცერთ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გაუცია.

ამასთან, უმცირესობის სხდომაზე ბობოხიძემ პრემიერობის კანდიდატს სთხოვა გამოსვლებისას მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის პრეზიდენტი უწოდოს.

„მისთვის მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის შემდეგ იქნა მიუღებელი, მანამდე კი, მათ მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ. სააკაშვილი მხოლოდ ჩვენი პრეზიდენტი არ არის, რადგან ის საქართველოს პრეზიდენტია და გთხოვთ მას ამ სტატუსით მიმართოთ”, - განაცხადა ბობოხიძემ და ივანიშვილს ურჩია, ქვეყნის წინსვლას ნუ უარყოფს.

ამასთან, მისი თქმით, უმრავლესობა უმცირესობის მაჟორიტარებზე ზემოქმედებას ცდილობს, რათა საკონსიტუტიო უმრავლესობა მოიპოვონ.
„მართალია, განცდა გაქვთ, რომ 100 კაცი გყავდეთ, მაგრამ ყველა ნორმალურ საკითხზე თქვენ 100 კაცი კი არა 150 გეყოლებათ, რადგან მხარს ჩვენც დაგიჭერთ” - მიმართა ივანიშვილს ბობოხიძემ.



ბეჭდვა