ივანიშვილმა საპარლამენტო უმცირესობას კრიმინალთან ბრძოლის მეთოდები დაუწუნა
ივანიშვილმა საპარლამენტო უმცირესობას კრიმინალთან ბრძოლის მეთოდები დაუწუნა
13:41 24.10.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო უმცირესობას, რომელიც მანამდე უმრავლესობას წარმოადგენდა, კრიმინალთან ბრძოლის მეთოდები დაუწუნა.

როგორც მან საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას აღნიშნა, ახალი ხელისუფლება კრიმინალის წინააღმდეგ იგივე მეთოდებით არ იმუშავებს, რა მეთოდებითაც წინა ხელისუფლება მუშაობდა.

მისი თქმით, აღნიშნული მეთოდები უარყოფითი იყო, რადგან საზოგადოებამ ციხეებში განვითარებული მოვლენების შესახებ კადრები იხილა.

„ნახავთ, რომ ცივილიზებული გზით ამ ყველაფერთან ბრძოლა მოსახერხებელი იქნება და ამ მხრივ ქვეყანას კიდევ უფრო წინ წავწევთ. აღსანიშნავია ის, რომ თქვენ დაბალ და საშუალო ფენებში კორუფციის აღკვეთა და კრიმინალის რიცხვების შემცირება მართლაც მოახერხეთ, მაგრამ სანაცვლოდ მაღალ ფენებში ელიტარული კორუფცია მივიღეთ“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, კორუფციასა და კრიმინალთან დაკავშირებით საქართველოს კატასტროფული შედეგები ჰქონდა.

„თქვენ და თქვენი გუნდი ევროპის მოტყუებას ახერხებდით - თითქოს რეიტინგებში რაღაცეებში იმარჯვებდით და ადამიანის უფლებების კუთხით საქართველო ლამის პირველ ადგილზე იყო, თუმცა, ადამიანის უფლებებით საქართველო კატასტროფულ მდგომარეობაში იყო“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ უმცირესობას საქართველოში კანონიერი ქურდების დაბრუნებასთან დაკავშირებით შეუძლია მშვიდად იყოს.

„მოწმენი გახდებით, რომ საქართველოში არავითარი მაფიოზური და კრიმინალური დაჯგუფებები არ იარსებებს და მათ წინააღმდეგ ბრძოლა ცივილიზებული მეთოდებით მოხდება, იმ მეთოდებისგან განსხვავებით, რასაც თქვენ იყენებდით“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს კრიმინოგენურ მდგომარეობასა და მასთან ბრძოლის გაგრძელებასთან დაკავშირებით შეკითხვა უმცირესობის წარმომადგენელმა დავით საყვარელიძემ დაუსვა.


ბეჭდვა