ივანიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს გზით ელიტარული კორუფციის ბევრი ფაქტი გამოვლინდება
ივანიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს გზით ელიტარული კორუფციის ბევრი ფაქტი გამოვლინდება
13:30 24.10.2012
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს ხელი შეუშალოს საქართველოში ენერგომაფიისა და ელიტარული კორუფციის ფაქტების გამოვლენას.

ამის შესახებ მან დღეს საპარლამენტო უცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ელიტარული კორუფციის ძალიან ბევრი ფაქტი გამოაშკარავდება და თუ რომელიმე თქვენგანს კითხვები დარჩა, ამაში დარწმუნდება. ბევრი იქნება საჩივარი და არ ვაპირებ ამას ხელი შევუშალო. სასამართლოს მეშვეობით ძალიან ბევრ მტკიცებულებას მიიღებთ“ - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის კახი კალაძის 45%-იან წილს სს „საქჰიდრომშენში“, ივანიშვილის განცხადებით, არსებობს საკუთრების მართვის ცივილიზებული მეთოდები, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებისთვის.

„კალაძე მოახერხებს ამ ქონების კანონმდებლობის შესაბამისად ან გასხვისებას ან სხვა მეთოდს მიმართავს“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ კახი კალაძეს ჩართულობა ენერგოსექტორში არ ნიშნავს ავტომატურად მის კორუფციაში მონაწილეობას.

ივანიშვილმა შესთავაზა უმცირესობის წევრებს, რომ თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია კალაძის ვინმესთან უკანონო გარიგებაში ყოფნის შესახებ, ღიად განაცხადონ ამის შესახებ.

კახა კალაძემ, რომელიც „კალა კაპიტალის“ 100%-ნი წილის მფლობელი და დამფუძნებელია, განაცხადა, რომ მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში ის კანონით გათვალისწინებულ ვადებში დაიწყებს სს „საქჰიდრომშენში“ „კალა კაპიტალის“ კუთვნილი აქციების 45% გასხვისების პროცედურას.


ბეჭდვა