ივანიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა უახლოეს მომავალშია შესაძლებელი
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა უახლოეს მომავალშია შესაძლებელი
12:46 24.10.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა უახლოეს მომავალშია შესაძლებელი.

როგორც მან საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას აღნიშნა, 2006 წელს დაწესებული ემბარგოს მოხსნის შესაძლებლობა არსებობს და ეს ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის.

მისი თქმით, ემბარგოს მოხსნის კონკრეტული დროის დაფიქსირება ქვეყნის წინა ხელისუფლებას შეეძლო, მაშინ როდესაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის სახელმწიფოს გაერთიანებაზე გარკვეული მიზეზებით ხელი მოაწერა.

„ამის რეალური შესაძლებლობა მაშინ არსებობდა, რომ მოგეთხოვათ, მაგრამ ამის ნება თქვენ არ გაგაჩნდათ. ვფიქრობ, რომ ძალიან რეალურია უახლოეს დროში ეს ყველაფერი მოხდეს, თუმცაღა, არავითარი კონკრეტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ მე ვინმესთან რამე შეთანხმებული მქონდეს არ არის“ – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლებისა და მისი ლიდერის მიერ ემბარგოს დაწესებისთვის ბარიერი ხელოვნურად იყო გამოწვეული.

„თქვენი ლიდერის მიერ და თქვენი მოქმედებით მოხდა ის, რომ რუსეთის საზღვარი ომამდე გაცილებით ადრე დაიხურა. ამის შემდეგ კი, პროცესები ძალიან გააღრმავეთ. ახლა ხელისშემშლელი პირობები მოიხსნა. ვერ გეტყვით კონკრეტულ რიცხვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ უახლოეს დროში მოსახერხებელი იქნება, რომ რუსეთთან სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები აღვადგინოთ“ - მიმართა ივანიშვილმა უმცირესობას.

ბიძინა ივანიშვილს რუსეთის მხრიდან ცალმხრივად დაწესებული ემბარგოს მოხსნის შესაძლებლობებისა და ვადების შესახებ შეკითხვა უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა დაუსვა.




ბეჭდვა