პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე დიმიტრი
ლორთქიფანიძის დანიშვნას ითხოვს.
როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ლორთქიფანიძეს აღნიშნულ პოსტზე დასახელებულ სხვა კანდიდატებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი აცხადებს, რომ ყველა გამოკითხვის შედეგად, ლორთქიფანიძე გაცილებით უსწრებს თამარ გურჩიანს, ნინა ხატისკაცს და ლია მუხაშავრიასაც, ამიტომ მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეასრულოს დაპირება და გადაწყვეტილებები საზოგადოების აზრის გათვალისწინებით მიიღოს.
ამასთან, მისივე თქმით, სახალხო დამცველი როგორც ინსტიტუტი, ხელისუფლების ოპონენტი უნდა იყოს.
„თუ „ქართულ ოცნებას“ აქვს გარკვეული დისკომფორტი ლორთქიფანიძესთან და თავს კარგად გრძნობს გურჩიანთან, ხატისკაცთან ან მუხაშავრიასთნ, სწორედ ამიტომაც უნდა დანიშნოს ლორთქიფანიძე ომბუდსმენის პოსტზე. კომფორტული სახალხო დამცველები ყველას კარგად გვახსოვს და ეს ქვეყნისთვის არაფრის მომტანი არ იყო“ - აღნიშნა კუკავამ.
მან გაცვეთილი უწოდა არგუმენტს, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე ქსენოფობი ან ჰომოფობია.
კუკავამ გააკრიტიკა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც მისი თქმით, ამ ტერმინებს „მარჯვნივ და მარცხნივ არიგებს“.
„თავისუფალი საქართველოს“ ხელმძღვანელმა საია-ს კვალიფიკაციაც დაუწუნა და აღნიშნა, რომ მას პირველი კურსის სტუდენტის კვალიფიკაცია აქვს.
მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია აბსურდამდეა მისული და მხოლოდ გრანტების გადანაწილებითაა დაკავებული.
„ჰომოსექსუალები პრიორიტეტად გამოიტანეს იმიტომ, ახლა სხვადასხვა დონორები ამაში უხდიან ფულს. ფული რომ საქართველოში ინდიელთა უფლებების დასაცავად გადაიხადონ, დაიწყებენ მტკიცებას, რომ ჩვენთან ინდიელთა უფლებები ილახება“- განაცხადა კახა კუკავამ.
მისივე თქმით, დიმიტრი ლორთქიფანიძე პატიმრების წამებაზე აქტიურად საუბრობდა მაშინ, როდესაც საია აღნიშნულ თემაზე კომენტარს არასდროს აკეთებდა, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მსგავსად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 24 საათიანი მონიტორინგის უფლებით სარგებლობდა.
ამასთან, კუკავას განცხადებით, საია ყოველთვის თავს არიდებდა პოლიტიკური პატიმრების თემას, მაშინ, როდესაც ლორთქიფანიძეს ამ საკითხზე პრინციპული პოზიცია ჰქონდა.
