საქართველოში იმოქმედებს პრინციპი - „ყველა ყველას აკონტროლებს“. ამის შესახებ დღეს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა
წულუკიანმა საპარლამენტო კომიტეტებში დეპუტატების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
მან იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საკუთარი პირორიტეტები წარადგინა და აღნიშნა, რომ ჩამოყალიბდება სამართლიანი სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის საშუალებას შექმნის.
ამასთან, მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის როლი უნდა გადაიხედოს, რათა ის საზოგადოებისთვის ერთგვარი შიშის წყარო არ იყოს. ასევე, აუცილებელია ადვოკატების საქმიანობას აზრი დაუბრუნდეს, ხოლო პროკურორები მართლმსაჯულების მტრები აღარ იყვნენ.
„როცა ხელისუფლებიდან წავალთ და ეს აუცილებლად მოხდება, ქვეყანაში სამართლიანი სისტემა დარჩება. პროკურორებმა საქმეების ჭრა-კერვა და მოსამართლეებზე ზეწოლა უნდა შეწყვიტონ. ასევე, ღია გახდება ის თუ როგორ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს იუსტიციის მინისტრი“ - აცხადებს წულუკიანი.
ამასთან, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმების პრინციპი რეფორმირებას დაექვემდებარება.
