ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ხელისუფლებამ და მისმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი
არველაძემ პატარკაციშვილების ოჯახს სამართლებრივი პასუხისმგებლობის შიშით დაუბრუნა. „იმედის“ კანონიერი მფლობელისთვის გადაცემის ფაქტი ექსპერტმა დღეს ჟურნალისტებთან შეაფასა.
როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, „იმედის“ გადაცემა დროში დაემთხვა ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებას ტელეკომპანიისთვის მრავალმილიონიანი დავალიანების ჩამოწერის თაობაზე.
ცისკარიშვილის თქმით, როდესაც ხელისუფლება მიხვდა, რომ ეს კანონდარღვევა იყო, რაზეც ახალი ხელისუფლება რეაგირებას მოახდენდა, „იმედის“ პატარკაციშვილების ოჯახისთვის გადაცემა გადაწყვიტა.
ამასთან, მისი განცხადებით, გიორგი არველაძეს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე არავითარი განმარტება არ გაუკეთებია.
„საინტერესოა რატომ გადადგა ეს ნაბიჯი არველაძემ. თავისი საქციელის შერცხვა? მოდი ეს გამოვრიცხოთ. არველაძეს, რომ ასეთი გრძნობა გააჩნდეს, დიდი ხანია სადმე უდაბნოში დაბინავდებოდა“ - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, უკანასკნელ ხანებში ტელეკომპანიებთან მიმართებაში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ „იმედი“ და „რუსთავი 2“ საბიუჯეტო სახსრებით ყოველგვარი ლეგალური დოკუმენტაციის გარეშე სარგებლობდნენ. ხოლო, როდესაც ყოფილი ხელისუფლება მიხვდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე ხელი აღარ მიუწვდება, ტელევიზიებისგან „ხელის დაბანა“ დაიწყო.
„ის ფარისევლობა, რომელიც არველაძეს სახეზე აქვს, ვინმეს მოსატყუებლად საკმარისი აღარ არის. ის არის ბოროტმოქმედი, რომელმაც იცოდა წარმოშობა იმ ქონებისა, რომელსაც იძენდა. მან გააგრძელა დანაშაულებრივი გზა, რომელიც „იმედის“ წინააღმდეგ ჯოზეფ ქეის იძულებით გადაადგმევინეს. თუმცა, არ მგონია არველაძე ვინმეს ეიძულებინა, რომ ამ ტელეკომპანიის მფლობელი გამხდარიყო და არც იმას ვფიქრობ, რომ ის მსხვერპლია“ - აღნიშნა ცისკარიშვილმა და დასძინა, რომ არველაძის ძირითადი ამოცანა იყო მთელი საქართველო მოდელირებულ სინამდვილეში ეცხოვრებინა.
ტელეკომპანია „იმედი“ პატარკაციშვილების ოჯახს რამდენიმე დღის წინ გადაეცა.
ტელეკომპანიის მფლობელი „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ იყო, რომლის 40%-იანი წილის მფლობელი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და „იმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი არველაძეა. მან ეს თანამდებობა უკვე დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანიის მენეჯმენტს სათავეში ჟურნალისტი რეზო საყევარიშვილი ჩაუდგება.
