„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ უმცირესობის წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებს
„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ უმცირესობის წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებს
12:25 23.10.2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მიზნით, საპარლამენტო უმცირესობის წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. 

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის პირველი სესია კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა, თუმცა, კონსტრუქციული მიდგომის მიუხედავად, ახალი ხელისუფლების მხრიდან დეპუტატებზე ზეწოლა ხორციელდება.

„იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიცუციო უმრავლესობა მოიპოვოს, უმცირესობის წევრებზე არაკანონიერ და არადემოკრატოიულ ქმედებებს ახორციელებს“ - აღნიშნა თაქთაქიშვილმა და განმარტა, რომ ზეწოლა განსაკუთრებით იმ დეპუტატებზე ხორციელდება, რომლებსაც გარკვეული ბიზნესი აქვთ.

„ამავდროულად, დეპუტატების ნათესავების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს და მათ ემუქრებიან. თუ ეს პროცესი გაგრძელდება, ამ შემთხვევაში, უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კონსტრუქციული საქმიანობა ვერ წარიმართება“ - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დეპუტატებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდის.

ბეჭდვა