საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ მოლაპარაკება აქტიური ტემპით გრძელდება
საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ მოლაპარაკება აქტიური ტემპით გრძელდება
11:59 23.10.2012
ევროკავშირის მთავარი მიზანია საქართველო მისი ასოცირებული პარტნიორი გახდეს. ამის შესახებ დღეს მთავრობის კანცელარიაში ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მე-11 რაუნდის დაწყებამდე ევროკავშირის ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გუნარ ვიგანდმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ხელისუფლების ცვლილება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების თვალსაზრისით არანაირ გავლენას არ იქონიებს.

„მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ახალ ხელისუფლებასთან იგივე სიმტკიცითა და პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ მუშაობას, ისევე მივაქცევთ ყურადღების პროგრესს, როგორც ეს წინა ხელისუფლებასთან ხორციელდებოდა“ - განაცხადა ვიგანდმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულება მომავალი წლის ბოლოსთვის ხელმოსაწერად მზად იყოს.

მისივე თქმით, ამ ხელშეკრულების დიდ ნაწილზე მოლაპარაკება უკვე შედგა, თუმცა, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

ვიგანდის თქმით, მოლაპარაკებების მომავალი რაუნდი, რომელიც ვაჭრობის საკითხებს შეეხება, ნოემბერშია დაგეგმილი.

გუნარ ვიგანდი ხვალ ქუთაისში გაემგზავრება, სადაც პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდება.

ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები მთავრობის კანცელარიაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ბეჭდვა