ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს შეტყობინებას უგზავნის.
ივანიშვილმა ბურჯანაძე "სახალხო კრებისა" და "ქართული აკადემიის" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ახსენა.
მისი თქმით, ნიჭიერმა ადამიანმა კონკრეტულ სიტუაციაში პრიორიტეტების განსაზღვრა უნდა შეძლოს.
"ნიჭიერმა ადამიანმა უნდა მოახერხოს და კონკრეტულ სიტუაციაში პრიორიტეტები გააკეთოს. არ უნდა დარჩე მხოლოდ პატარა ბავშვივით - "ჩემი" და "მე". აი, ეს გადაეცით ჩემგან ქალბატონ ნინოს - არ არის აუცილებელი მონაწილეობა მიიღო საქმეში, როცა ამით კი არ ეხმარები, არამედ აზიანებ მას. ასეთ შემთხვევაში, ისეთი პოზიცია უნდა დაიჭირო, ისეთი მდგომარეობა უნდა აირჩიო, რომ საერთო საქმეს თუ არ მიეხმარები, არ დააზიანო მაინც. ეს არის ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია, ასე ვზრდი შვილებს და ქალბატონ ნინოსაც ასე შემიძლია მოვუწოდო", - განაცხადა ივანიშვილმა შეხვედრაზე.
მან 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზეც ისაუბრა. ივანიშვილმა 26 მაისს "სახალხო კრებისა" და "ქართული აკადემიის" წარმომადგენლების ქმედებები გმირობად შეაფასა.
