საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ყველაზე დაბალი გადასახადებია, ამიტომ, მათი შემცირება წარმოუდგენელია.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დუბაიში მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რეალობა არის ის, რომ საქართველოში - ეს უკვე აღიარეს კოალიცის წევრებმა, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადებია მსოფლიოში, ამიტომ გადასახადების შემცირება წარმოუდგენელია“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, ბიზნესის კეთების სიმარტივით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ადგილია.
სააკაშვილის განცხადებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ადმინისტრაციული და სამთავრობო წნეხი არ ყოფილა, მთავრობიდან და მით უმეტეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, მათ წილში არავინ უჯდებოდა.
„ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოში თავისუფლება ყოფილიყო. ჩვენი ერთადერთი რესურსი მეტი ინვესტიცია, ბიზნესის გამარტივება და არაკორუმპირებული გარემოს შენარჩუნებაა. არ ვიცი შევძლებთ თუ არა ამ პოზიციის გაუმჯობესებას - ისედაც უმაღლესი ლიგის მწვერვალზე ვიმყოფებით, მაგრამ ბევრი სხვა მიმართულებით, შეგვეძლება შემდგომ წარმატებებს მივაღწიოთ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ისურვებდა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობას დაეთანხმოს იქ, სადაც უნდა დაეთანხმოს, რომ საქართველომ წარმატებული აღმშენებლობა გააგრძელოს.
„დანგრევა ადვილია, შენებაა ძალიან ძნელი და ვისურვებდი ამ პროცესის გაგრძელებას. კვლავაც ვივლი მთელს მსოფლიოში და საქართველოს პოპულარიზაციას გავაგრძელებ, რათა ჩვენს ქვეყანაში ფული კვლავაც ჩაიდოს; საქართველოში უფრო მეტი ბიზნესმენი, მეტი ტურისტი ჩამოვიდეს და ყოველივე ამის შედეგად, ქართველმა ხალხმა უკეთესად იცხოვროს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი ფორუმს - „ენერგეტიკული საერთაშორისო ფორუმი 2012 მსოფლიო ლიდერებისთვის“ მუშაობაში მონაწილეობდა. ის ფორუმზე დამსწრე მსოფლიო ლიდერებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლების წინაშე სიტყვით გამოვიდა.
საერთაშორისო ფორუმი გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტისა და მმართველის შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდის პატრონაჟითა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით დუბაიში იმართება.
