საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის, როგორც ოპოზიციური ძალის ლიდერი, ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით მუშაობას 
გააგრძელებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დუბაიში მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ტრადიციად ქცეული ტენდენცია უნდა დაირღვეს, როდესაც ოპოზიციის მთავარი ფუნქცია ქვეყნის ლანძღვა და მთელი მსოფლიოსთვის იმის მოყოლა იყო თუ როგორი ცუდი მდგომარეობაა მის ქვეყანაში.
სააკაშვილის განცხადებით, ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური ძალის ლიდერი, იმის პოპულარიზაციას გააგრძელებს, რომ საქართველო დანარჩენი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო  წერტილია.
„სამუშაო ადგილებს ქმნის არა რაიმე სხვა ფაქტორი, არამედ, ჩვენს ეკონომიკაში ჩადებული ფული, ახალი საწარმოები, ახალი ტურისტული ობიექტები, ახალი პორტები და ინფრასტრუქტურა. მიმაჩნია, რომ შეცდომა იქნება დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შეჩერება, რადგან ეს საქართველოში ენერგეტიკულ პრობლემებს, დენის დეფიციტს გამოიწვევს და რაც მთავარია ძალიან ბევრი ადამიანი სამუშაოს დაკარგავს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის აზრით, დიდი შეცდომაა ასევე, მასშტაბური  ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება, რადგან მათი საშუალებით ათიათასობით სამუშაო ადგილი უნდა შექმნილიყო. 
„წინა მთავრობამ ახალ მთავრობას ბიუჯეტში ძალიან დიდი ფული დაუტოვა. პენსიები საქართველოში წინა მთავრობის დროს ათჯერ, ხოლო დაზღვეულთა რაოდენობა ასჯერ გაიზარდა. ეს ყველაფერი ჯიუტი ფაქტებია. ამის უარყოფა არ გვინდა. პირიქით, კარგია, რომ ახალმა მთავრობამ მათ გაუმჯობესებაზე იმუშაოს“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი დუბაიში მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმს დაესწრო და მასზე სიტყვით გამოვიდა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       