თბილისში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მე-11 რაუნდი იმართება
თბილისში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მე-11 რაუნდი იმართება
09:33 23.10.2012
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მე-11 რაუნდი დღეს მთავრობის კანცელარიაში გაიმართება.

საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე გორდაძე წარმართავს, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონალური თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი გუნარ ვიგანდი.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2010 წლის 15 ივლისს ბათუმში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საგარეო საქმეთა სა უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ბარონესა ქეთრინ ეშტონმა ფორმალურად გახსნეს.

შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან გაღრმავებას და უფრო მაღალ დონეზე თანამშრომლობას ითვალისწინებს. შეთანხმება საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემს.







ბეჭდვა