ივანიშვილი "სახალხო კრების" და "ქართული აკადემიის" წარმომადგენლებს შეხვდა
ივანიშვილი "სახალხო კრების" და "ქართული აკადემიის" წარმომადგენლებს შეხვდა
17:52 06.03.2012
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სახალხო კრებისა და ქართული აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა ივანიშვილის რეზიდენციაში გაიმართა. ინფორმაცია ამის თაობაზე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
შეხვედრაზე გოგი ქავთარაძე, რეზო ესაძე, ნონა გაფრინდაშვილი, სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე, ნუკრი ქანთარია, თამაზ ჯოლოგუა, ბადრი ნანიტაშვილი იმყოფებოდნენ.
ივანიშვილმა "სახალხო კრებისა" და "ქართული აკადემიის" წარმომადგენლების 2011 წლის 26 მაისის ქმედებები გმირობად შეაფასა.
"სამწუხაროა, რომ ამ გმირობისთვის და ქვეყნის სიყვარულისთვის ბევრი ადამიანი დაისაჯა. სამწუხაროა, რომ იყო გარდაცვალების ფაქტებიც. ეს ყველაფერი ჩვენი მოძალადე ხელისუფლების ბრალია", - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, თუ ადამიანი მისი მონაწილეობით, საერთო საქმეს ხელს უშლის, ის გვერდზე უნდა გადგეს.
"ნიჭიერმა ადამიანმა უნდა მოახერხოს და კონკრეტულ სიტუაციაში პრიორიტეტები განსაზღვროს. არ უნდა დარჩე "ჩემი და მე"-ს დონეზე. აი ეს გადაეცით ჩემგან ქალბატონ ნინოს, არ არის აუცილებელი მონაწილეობა მიიღო საქმეში, თუ შენ შენი მონაწილეობით კი არ ეხმარები, არამედ აზიანებ მას. ეს არის ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია, ასე ვზრდი შვილებს და ქალბატონ ნინოსაც იგივე შემიძლია მოვუწოდო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე.

ბეჭდვა