მინისტრთა ახალი კაბინეტის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრასა და სამთავრობო პროგრამის განხილვას საპარლამენტო კომიტეტები ხვალ, 11:00 საათიდან დაიწყებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა, რამდენიმე კომიტეტი ერთობლივ მოსმენებს ჩაატარებს, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტები, ასევე ერთობლივ განხილვას მოაწყობენ იურიდულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები.
24 ოქტომბერს კი, განხილვა უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან გაიმართება.
საგანელიძის თქმით, უმცირესობამ პროგრამის განხილვისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვა და შესაბამისად, ივანიშვილი მას დაესწრება.
უმცირესობის სხდომა, 24 ოქტომბერს 12.00 საათისთვის, ხოლო უმრავლესობის - 15.00 საათზეა დაგეგმილი. ამავე დღეს პარლამენტის ბიურო კიდევ ერთხელ შეიკრიბება.
მთავრობისა და მისი სამოქმედო გეგმისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი 25 ოქტომბერს პლენარულ სხდომაზე განიხილება.
	
                       