საყვარელიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა დასავლეთისგან გარკვეული გარანტიები მიიღო
საყვარელიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა დასავლეთისგან გარკვეული გარანტიები მიიღო
15:01 22.10.2012
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების სანაცვლოდ, დასავლეთისგან გარკვეული გარანტიები მიიღო. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

ექსპერტი სწორედ დასავლეთის ძალისხმევას უკავშირებს არჩევნების მშვიდობიანად, უსისხლოდ დასრულების ფაქტს.

მისივე თქმით, რომ არა დასავლეთის დაჟინებული მოთხოვნა, სააკაშვილი და მისი „ნაციონალური მოძრაობა“ სულ სხვანაირად იმოქმედებდნენ.

„არჩევნების სისხლიან შედეგს დასავლეთმა აგვაცილა. რის სანაცვლოდაც, ალბათ, სააკაშვილმა გარანტიები მიიღო. ეს გარანტიები არის იმ ფონზე, რომ ყველაფერი ცივილიზებული სტანდარტების მიხედვით უნდა ჩატარადეს“-აღნიშნა საყვარელიძემ.

სწორედ, ამ საკითხს უკავშირებს ექსპერტი პრეზიდენტის რიტორიკის შეცვლას.

მისი თქმით, დღეს სააკაშვილის გამონათქვამები ცივილიზებულ სტანდარტებს ეხმიანება, ხოლო როდესაც პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დამანგრეველს უწოდებდა, ის „ნაციონალური მოძრაობის“ სტანდარტებით მოქმედებდა.

ამასთან, ექსპერტი ვარაუდობს, რომ სააკაშვილს ამერიკის შეერთებული შტატები თავის „კალთას გადააფარებს“.

„ის მაინც ამერიკული პროექტია და აშშ-ს არ სურს სააკაშვილი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს“-განაცხადა საყვარელიძემ.


ბეჭდვა