პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს,
რომ ახალი სახალხო დამცველი საზოგადოების მხრიდან მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება. ლორთქიფანიძე აღნიშნულ პოსტზე თავად არის წარდგენილი.
როგორც მან „მაესტროს“ პრესკლუბში განაცხადა, ყოფილმა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება 2012 წლის 21 სექტემბერს გააკეთა, იმავე დღეს კი, საქართველოს პრეზიდენტმა სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე წარადგინა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ტუღუში სახალხო დამცველის პოსტს ავტომატურად ჩამოცილდა.
„გუშინდელი განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მას განცხადება არ დაუწერია და თითქოს, სახალხო დამცველის პოსტს ფორმალურად ინარჩუნებს, სინამდვილეს არ შეესაბამება. ის 30 დღიანი კალენდარული ვადა, რომელსაც ორგანული კანონი ითვალისწინებს და რომლის მიხედვით, სახალხო დამცველის გადადგომიდან ახალი ომბუდსმენი 30 დღის განმავლობაში უნდა აირჩიონ, სამწუხაროდ დაირღვა“ - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, სახალხო დამცველის საკითხზე დღეს პარლამენტის ბიურო იმსჯელებს, ხოლო 25 ოქტომბრის სხდომაზე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატურები წარედგინება.
„სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მხრიდან სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატურის დასახელება მისასალმებელია. მართალია, შედარებით ნაკლები არასამთავრობო ორგანიზაცია მიჭერს მხარს, მაგრამ ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს იმისთვის, რომ საზოგადოების აზრს მივენდო“ - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
