ექსპერტი  რამაზ  საყვარელიძე  მიიჩნევს,  რომ  „ერთიან  ნაციონალურ  მოძრაობას“ დღესდღეობით  ხელისუფლებაში  დაბრუნების  პერსპექტივა  არ  გააჩნია,  
თუ ის განვლილი  პერიოდის  ანალიზს  არ  გააკეთებს  და  შეცდომებზე  არ  დაფიქრდება. ამის  შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს  განუცხადა.
„ნაციონალურ  მოძრაობას“ ამავე  სახეებით  ხელისუფლებაში  დაბრუნების  პერსპექტივა  არ  აქვს  და  ეს  მხოლოდ  მაშინ  იქნება  შესაძლებელი,  თუ  შეიცვლება  სახეები, იდეოლოგია და  მათ  განცხადებებში  მონანიების  ნოტები  გაიჟღერებს. ამასთან, თუ ყველაფერი შეიცვლა, ის  „ნაციონალური  მოძრაობა“ მაინც აღარ იქნება“ - განაცხადა  ექსპერტმა. 
მისივე  თქმით, თეორიულად, ყოფილ მმართველ  პარტიას ერთი  შანსი აქვს -მთავრობის უცხოეთში გახიზნულმა ყოფილმა წევრებმა  ლტოლვილი მთავრობა  შექმნან. ექსპერტის განმარტებით, ამის  პრეცედენტი ზვიად  გამსახურდიას  დროს  იყო,  თუმცა, მაშინ  ამას პოლიტიკური  საფუძველი  ჰქონდა, დღეს კი - ასეთი რამ არ არსებობს.
 
საყვარელიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ  „ნაციონალური  მოძრაობის“  გენერალურ  მდივნად  არჩეული ვანო  მერაბიშვილის  ადგილსამყოფელი ამ დრომდე  უცნობია.
„აქვს  თუ  არა ხელისუფლებაში  დაბრუნების  პერსპექტივა  პარტიას, რომლის გენერალური  მდივანი  არ  იძებნება“?  - აღნიშნა ექსპერტმა.
მისივე  თქმით, ხელისუფლებაში დაბრუნება მოსახლეობის კეთილგანწყობის დაბრუნების გარეშე  შეუძლებელია, თუმცა, საყვარელიძის შეფასებით, „ნაციონალური  მოძრაობა“ ამას  არც  ცდილობს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       