პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე ირინა ენუქიძისთვის სათანდო პატივის მიგების აუცილებლობაზე საუბრობს
პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე ირინა ენუქიძისთვის სათანდო პატივის მიგების აუცილებლობაზე საუბრობს
17:04 21.10.2012
პარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თანამდებობაზე არჩევის შემდეგ პირველი განცხადება 2006 წელს მოკლული სანდრო გირგვლიანის დედის ირინა ენუქიძის შესახებ გააკეთა.

უსუფაშვილის თქმით, პირველი, რასაც ის როგორც პარლამენტის წევრი გააკეთებს, სათანადო პატივს მიაგებს ირინა ენუქიძის ხსოვნას.

„ჩვენ და ძალიან ბევრი ვალში ვართ ირინა ენუქიძესთან. სულ მქონდა ეს მოთხოვნილება, რომ რამე გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ამ პიროვნებისთვის შესაფერისი პატივი მიგვეგო. ეს არ არის მხოლოდ სახელი და გვარი, ჩვენ ვსაუბრობთ დიდ თემაზე - ერთი მხრივ, პრობლემაზე და მეორე მხრივ მოქალაქეობისა და ადამიანობის სტანდარტზე“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

მან არ დააკონკრეტა, თუ რა სახით აპირებს განახორციელოს პატივის მიგება ენუქიძის ხსოვნისადმი.

ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე, არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკურ ჯგუფის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სანდრო გირგვლიანის გახმაურებული მკვლელობის საქმე გადაიხედება და დამნაშავეები დაისჯებიან.

„გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის გარეუბანში გარდაცვლილი იპოვეს და მას მრავლობითი ჭრილობა და დაზიანება აღენიშნებოდა.

მკვლელობის სამართლიანად გამოძიების მოთხოვნით გირგვლიანინის დედა ირინა ენუქიძე სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.



ბეჭდვა