საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ დავით უსუფაშვილი ოფიციალურად აირჩიეს.
სხდომაზე რეგისტრაცია 129 პარლამეტნარმა გაიარა, სადაც უსუფაშვილი 88 ხმით აირჩიეს.
უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უმთავრესი რაც პარლამეტს ექნება გასაკეთებელი, არამარტო კანონების მიღება, არამედ კანონის უზენაესობის დამკვიდრება იქნება. 
მისი თქმით, საპარლამეტო უმრავლესობამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს. 
„ეს ვერ მოხდება თუ ჩვენ უსიტყვოდ დავუტკიცებთ მთავრობას ყველა კანონს. ამიტომ მთავრობასთან ჯანსაღი ოპონირება იქნება საპარლამეტო უმრავლესობის საქმიანობა და არა მხოლოდ საპარლამეტო უმცირესობის შესაძლებლობა“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
ამასთან, უსუფაშვილის თქმით, პარლამენტარები არ უნდა გადაიქცნენ მორჩილი უმრავლესობის წევრებად.
„საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში და ჩვენ უნდა მოვახერხოთ სათანადო გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ მთავრობა, რომელიც ამ დღებში წარმოადგენს პროგრამას,  უნდა იყოს იმ პოლიტიკის განმახორციელებლი, რომელსაც პარლამენტი შეიმუშავებს. ჩვენ არ უნდა ჩავდგეთ იმ პოზაში, რომელშიც სამწუხაროდ, მორჩილ უმრავლესობად წოდებული წინა უმრავლეობები იყვნენ ხოლმე“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       