პარლამენტის პირველ სხდომას დღეს პრეზიდენტი გახსნის
პარლამენტის პირველ სხდომას დღეს პრეზიდენტი გახსნის
09:59 21.10.2012
ქუთაისში ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნის.

როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, ასევე, მიწვეულ სტუმრებს სიტყვით პარლამენტი ერთ-ერთი უხუცესი წევრი, ივანე კიღურაძეც მიმართავს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.

სხდომას სტუმრის სტატუსით არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. სხდომაზე მიწვეულები არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ახალი პარლამენტის პირველი სხდომა საორგანიზაციო ხასიათის იქნება, რომელზეც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თანამდებობის პირები აირჩევიან. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერობის კანდიდატის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერის მანანა კობახიძის განცხადებით, სხდომის გახსნის შემდეგ, ცესკო-ს თავმჯდომარე არჩევნების შედეგებს გამოაცხადებს და სამანდატო და ხმის დამთვლელ კომისიებს აირჩევს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სამანდატო კომისიამ უნდა სცნოს დეპუტატთა უფლებამოსილება, რის შემდეგაც იწყება მთავარი - პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის პროცედურა.

არჩევის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია სხდომას წარუძღვეს.

კობახიძის თქმით, სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი პარლამენტის ვიცე-სპიკერებისა და 15 კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევაა. საპარლამენტო უმცირესობას აქვს უფლება ვიცე-სპიკერობის საკუთარი კანდიდატი დაასახელოს.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, სავარაუდოდ, მას ნდობას მომდევნო კვირაში გამოუცხადებენ.

„პარლამენტის ფრაქციებისა და კომიტეტების მიერ მინისტრთა კანდიდატებისა და მთავრობის პროგრამის განსახილველად 2-3 დღე სრულიად საკმარისი იქნება“ - მიიჩნევს კობახიძე.

მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისში დღეს, 13:00 საათზე გაიხსნება.

ბეჭდვა