საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება. კანონის თანახმად, სხდომა ქუთაისში შედგება.
როგორც ცნობილია, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში კოალიცია „ქართული ოცნება“ 85 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 65 დეპუტატს შეიყვანს. თუმცა, კოალიციაში აცხადებენ, რომ არ არის გამორიცხული, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობასაც მიაღწიოს, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობიდან“ მათ გუნდში გადასვლის სურვილი ბევრ დეპუტატს აქვს.
როგორც უკვე ცნობილია, კოალიცია პარლამენტში ოთხ ფრაქციად იქნება წარმოდგენილი. ესენია „ქართული ოცნება“, „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“ და „კონსერვატორები“. თუმცა, კოალიციის წევრები არ გამორიცხავენ, ფრაქციების რაოდენობა ექვსამდე გაიზარდოს.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ის საკანონდებლო ორგანოში სამ ფრაქციას შექმნის. ესენია -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც გოკა გაბაშვილი უხელმძღვანელებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -რეგიონები“, რომელსაც სათავეში წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აკაკი ბობოხიძე ჩაუდგება და „ნაციონალური მოძრაობა -მაჟორიტარები“, რომლის თავმჯდომარე ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტარიელ ლონდარიძე იქნება.
უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იქნება, უმრავლესობის ლიდერად კი, სავარაუდოდ დავით საგანელიძე მოიაზრება, თუმცა მისი კანდიდატურა ოფიციალურად კოალიციის ლიდერს ამ დრომდე არ დაუსახელებია.
მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 13:00 საათზე გაიმართება.
