საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს ქუთაისში ჩავლენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს ქუთაისში ჩავლენ
10:06 20.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები დღეს ქუთაისში ჩავლენ და მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვამდე სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებს მოამზადებენ.

როგორც „ნიუსპრესს“ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერობის კანდიდატმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა მანანა კობახიძემ განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები სხდომის ჩატარებისთვის საჭირო ყველა ტექნიკურ და პროცედურულ საკითხს დააზუსტებენ.

„იმ ხალხისთვის, ვინც პირველად მოხვდა პარლამენტში, ეს პროცედურები სრულიად ახალია“ - აღნიშნა კობახიძემ.

პირველი სხდომა ხვალ 13.00 საათზე ქუთაისში პარლამენტის ახლადაშენებულ შენობაში გაიმართება.

სხდომაზე ხალხის რჩეულთ სიტყვით მიმართავს ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სტუმრის სტატუსით სხდომას დაესწრება გამარჯვებული კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი.

სტუმრის სტატუსით სხდომაზე ასევე მიწვეული არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.


ბეჭდვა