ცესკო-მ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა
ცესკო-მ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა
18:41 19.10.2012
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა.

შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 613 851 შეადგენდა, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა 2 215 661 ამომრჩეველმა მიიღო.

კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ხმა ელექტორატის 54.97%-მა მისცა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ - 40.34%-მა.

კენჭისყრის შედეგად, პარლამენტში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა - 85 მანდატი მოიპოვა ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება“, ხოლო 65 მანდატი - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.

აქედან, პროპორციული წესით ივანიშვილის ბლოკს 44 მანდატი ერგო, ხოლო „ნაცმოძრაობამ“ - 33 მანდატი მიიღო. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 41 მაჟორიტარი ეყოლება, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ - 32 მაჟორიტარი.

ამასთან, ცესკო-მ ბათილად სცნო 16 საარჩევნო უბნის შედეგები.


ბეჭდვა