ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ხალხი, რომელიც აქამდე შიშის გამო სდუმდა,  ალაპარაკდა.  
აქედან გამომდინარე, მისი თქმით, სრულიად ბუნებრივი მოვლენაა მაგალითად კომპანია „თელასისა“ და ე.წ პატარიძის მაღაროს თანამშრომელთა პროტესტი. 
„ზოგადად ქვეყანაში უსამართლობა იყო. ახლი კი, მოქალაქეებს  სამართლიანობის აღდგენის იმედი გაუჩნდათ და ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ამოხეთქა. თუ აქამდე შიშის გამო ბევრი რამ არ ითქმებოდა, ახლა უკვე ხალხი ალაპარაკდა. ვფიქრობთ, რომ ვითარების სტაბილიზება მოხერხდება და ამ ადამიანებს ავუხსნით, რომ სამართლიანობა აუცილებლად აღდგება“ - განაცხადა ხუხაშვილმა. 
მისი თქმით, სამართლიანობის აღდგენა ქუჩის პროტესტის საკითხი არ არის. ის ადამიანები კი, რომლებიც თავს დაჩაგრულად გრძნობდნენ,  ღირსებას და მატერიალურ კეთილდღეობას დაიბრუნებენ.
კომპანია „თელასის“ ყოფილი თანამშრომლები რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი, კომპანიის ხელმძღვანელობის გადადგომასა და სამსახურებში დაბრუნებას მოითხოვენ. როგორც დღეს გახდა ცნობილი „თელასის“ რამდენიმე ბიზნესცენტრის თანამშრომლები გაიფიცნენ.
მაღაროს გაფიცული თანამშრომლები კი, ხელფასების 100%-ით მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       