პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ვახტანგ ხმალაძე იმედოვნებს, რომ პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საჭირო რაოდენობის მხარდამჭერები ეყოლება.
როგორც მან ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, აღნიშნულ საკითხს საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება, რაც 100 დეპუტატს შეადგენს.
ხმალაძის განმარტებით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება შესაძლებელია სხვა დეპუტატებთან შეთანხმებით და ის იმედოვნებს, რომ კონკრეტულ საკითხებზე მსგავსი შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.
„იმედი მაქვს, რომ პარლამენტის თბილისში დაბრუნებას მხარდამჭერები ეყოლება იმ ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი და მთავრობა ერთსა და იმავე ადგილას უნდა იყვნენ“ - განაცხადა ხმალაძემ და დასძინა, რომ პარლამენტის დედაქალაქში დაბრუნება საკანონმდებლო ორგანოს ეფექტურად მუშაობისთვის არის აუცილებელი.
წინასწარი ინფორმაციით, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ახალ პარლამენტში 85 დეპუტატი ეყოლება, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 65.
