ახალი მთავრობა, სავარაუდოდ, პარლამენტის მეორე სხდომაზე დამტკიცდება
ახალი მთავრობა, სავარაუდოდ, პარლამენტის მეორე სხდომაზე დამტკიცდება
14:40 19.10.2012
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ეკა ბესელია უმრავლესობის ფრაქციების რაოდენობას არ აკონკრეტებს.

როგორც ბესელიამ დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობას პარლამენტში რამდენიმე ფრაქცია ეყოლება, რაზეც კოალიციაში შეთანხმება უკვე მიღწეულია.

ბესელიას თქმით, პარლამენტის მეორე სხდომის საკითხი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება იქნება, რადგან მოსახლეობა ახალი მთავრობისგან კონკრეტულ ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებს ელოდება.

პირველი რიგის საკითხებს შორის ბესელიამ ის კანონები დაასახელა, რომლებიც მსჯავრდებულების ამნისტიას და სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმებას შეეხება, ასევე, მათ შორისაა ახალი სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევა, რადგან, ბესელიას თქმით, ვადა იწურება.

ამასთან, ბესელია დარწმუნებულია, რომ სხვადასხვა კანონში საჭირო ცვლილებების შეტანაში უმრავლესობას ხელს ვერავინ შეუშლის.





ბეჭდვა