პარტია "განახლებული საქართველოსთვის" დამფუძნებელი მინდია გულუა მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინი საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას შეიცვლის და მისი
დეოკუპაციის პროცესს ხელს არ შეუშლის.
მისი თქმით, პუტინმა კარგად იცის, რომ საქართველოს დეოკუპაციის გარეშე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოგვარება და რუსეთის საერთაშორისო იმიჯის გამოსწორება შეუძლებელია.
"პუტინმა თავისი განცხადებებით სააკაშვილს საშუალება მისცა ანტირუსული რიტორიკა გააძლიეროს, რომელიც ხალხის თვალში სააკაშვილს კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად წარმოაჩენს",- აცხადებს გულუა.
მისივე განცხადებით, პუტინს სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნა აწყობს, რადგანაც გაყინული კონფლიქტები მას ზედმეტი დიპლომატიური თავსატეხისგან იცავს.
"სააკაშვილი ვერასდროს მოახერხებს დაიწყოს დეოკუპაციის პროცესი იმ დაძაბული ურთიერთობების ფონზე, რაც მასსა და პუტინს შორის არის. გამოდის, რომ რუსეთს აწყობს სააკაშვილი მისი არაპროგნოზირებადი, ცვალებადი, არამყარი პოლიტიკის გამო და ნებისმიერი ძალა, რომელიც მას შეცვლის, რეალურად დასვამს საქართველოს დეოკუპაციის საკითხს", - აღნიშნავს გულუა.
