ახალი პარლამენტის პირველი სხდომა საორგანიზაციო ხასიათის იქნება, რომელზეც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თანამდებობის პირები
აირჩევიან. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერობის კანდიდატმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა მანანა კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, პირველ სხდომას ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მიწვეული სტუმრის სტატუსით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი დაესწრებიან.
კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის თანახმად, პირველ სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი 85 წლის მოქანდაკე გიორგი ოჩიაურია.
სხდომის გახსნის შემდეგ, ცესკო-ს თავმჯდომარე არჩევნების შედეგებს გამოაცხადებს და სამანდატო და ხმის დამთვლელ კომისიებს აირჩევს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, სამანდატო კომისიამ უნდა სცნოს დეპუტატთა უფლებამოსილება, რის შემდეგაც იწყება მთავარი - პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის პროცედურა.
არჩევის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია სხდომას წარუძღვეს.
კობახიძის თქმით, სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხია პარლამენტის ვიცე-სპიკერებისა და 15 კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა. საპარლამენტო უმცირესობას აქვს უფლება ვიცე-სპიკერობის საკუთარი კანდიდატი დაასახელოს.
„პრეზიდენტი მობრძანდება სხდომაზე. მან დანიშნა სხდომა და ის პარლამენტისადმი თავისი მიმართვით ფაქტიურად პირველ სხდომას გახსნის. კონსტიტუციით მას ამის უფლება აქვს. შემდეგ შეუძლია დატოვოს პარლამენტი“ - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, კობახიძე იმედოვნებს, რომ მათთვის ნდობის გამოცხადება მომდევნო კვირას მოხერხდება.
„პარლამენტის ფრაქციებისა და კომიტეტების მიერ მინისტრთა კანდიდატებისა და მთავრობის პროგრამის განსახილველად 2-3 დღე სრულიად საკმარისი იქნება“ - მიიჩნევს კობახიძე.
მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა კვირას, 21 ოქტომბერს, ქუთაისში 13:00 საათზე გაიხსნება. სტუმრის სტატუსით სხდომაზე მიწვეული არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
