ვახტანგ ყოლბაია სოციალურ ქსელებში მისი პიროვნების გარშემო შექმნილ მითქმა-მოთქმას ეხმაურება
ვახტანგ ყოლბაია სოციალურ ქსელებში მისი პიროვნების გარშემო შექმნილ მითქმა-მოთქმას ეხმაურება
18:26 18.10.2012
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ გენერალური მდივანი ვახტანგ ყოლბაია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის შესაძლო დასახლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში მიმდინარე პოლემიკას ღია წერილით ეხმიანება.

ყოლბაია აცხადებს, რომ მისი განსაკუთრებული გაკვირვება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სოციალურ ქსელებში გამართული პოლემიკის დროს საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელი ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრობა გახდა. მისი თქმით, ბურჯანაძემ თავისი პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში ქვეყნისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა.

„დემოკრატიული მოძრაობა“ დაარსების დღიდან ქვეყანაში ჩამოყალიბებულ ნეობოლშევიზმთან თავდაუზოგავი და მიზანმიმართული ბრძოლის გამო გახდა უპრეცენედტო რეპრესიების მსხვერპლი. მოგონილი ბრალდებებით დააპატიმრეს ჩვენი პარტიის 68 წევრი, რომელთაგან 42 ჯერ კიდევ იხდის სასჯელს 3-დან 12 წლამდე, ასევე, 10 ადამიანმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება და ინვალიდად იქცა, ხოლო 16 ადამიანმა უკანონოდ უკვე მოიხადა სასჯელი“ - აცხადებს ყოლბაია და დასძენს, რომ ,,დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებს მხოლოდ ნინო ბურჯანაძის გუნდის წევრობის გამო დევნიდნენ.

მისივე განმარტებით, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ არჩევნებში მონაწილოებაზე უარი განაცხადა, რათა ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების ხმები არ გაფანტულიყო.

ყოლბაია 1992–2004 წლებში საქართველოს პარლამენტსა და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში თავისი საქმიანობის შესახებაც საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, იმ დროინდელმა პარლამენტმა მისი ინიციატივით მიიღო ,,კანონი იძულებით გადადგილებულ პირთა შესახებ“, რომელიც ითვალისწინებდა დევნილებისთვის შეღავათებს ჯანდაცვაში და მინიმალურ საფასურს სწავლაში, ასევე, მრავალ შეღავათს ომის ვეტერანებისთვის.

„ვაკვირდებოდი სოციალურ ქსელში მიმოწერას რამდენიმე პიროვნებას შორის და ვიცი იმ მოწოდებების შესახებ, რომელიც გაიგზავნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციების მოწყობის მიზნით. ირონია იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ შევძელით ჩემი მომხრეების მოყვანა ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, ოცდაათიოდე კაცისაგან შემდგარი აქციის საპირწონედ, ღიმილის მომგვრელია, ,,დემოკრატიულ მოძრაობას“ 30 000 მხოლოდ რეგისტრირებული წევრი ჰყავს, მათ შორის, პარტიის წევრთა საკმაოდ სოლიდურ რაოდენობას იძულებით გადაადგილებული პირები წარმოადგენენ. მიმაჩნია, რომ საზოგადოების ჯგუფებად დაყოფა და განხეთქილების შეტანა ასეთ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით დევნილებს შორის, ამორალური და პროვოკაციულია“-აცხადებს ყოლბაია.

მისივე თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა“ მინისტრის სავარძელს ახალ მთავრობაში ისედაც არ მოიაზრებდა.




ბეჭდვა