პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის ეკა ბესელიას განცხადებით, აუცილებელია 26 მაისს განვითარებული მოვლენების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნა.
როგორც მან დღეს „მაესტროს“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ხელახლა გადასახედი სისხლის სამართლის საქმეების ჩამონათვალში ძალიან ბევრი გამოუძიებელი საქმე შევა.
„საქმეებად, რომელიც დღის წესრიგში პირველ რიგში უნდა დავაყენოთ, გახმაურებული მკვლელობები მიმაჩნია. ბოლომდეა გამოსაძიებელი სანდრო გირგვლიანის საქმე, სადაც დღემდე ვერ გავიგეთ ვინ იყო შემკვეთი და ორგანიზატორი. ისევე, როგორ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე, რომელზეც პასუხისმგებლობა არავის აუღია“ - განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ ასევე, მნიშვნელოვანია ბუტა რობაქიძის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და გურამ შარაძის საქმეების გამოძიება.
ბესელია პრინციპულს უწოდებს ციხეში გარდაცვლილი ნაწამები პატიმრებისა და პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების საკითხს.
მისი თქმით, ხელახლა გამოსაძიებელ საქმეთა ჩამონათვალში 2007 წლიდან აქციების დარბევის ორგანიზატორებისა და პასუხისმგებელი პირების საქმეებიც შევა.
„ვფიქრობ, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნა ძალიან პრინციპულია. საგამოძიებო კომისიამ ეს ტვირთიც საკუთარ თავზე უნდა აიღოს. მნიშვნელოვანია 7 ნოემბრის საქმე, ასევე, 15 ივნისის საქმე, როდესაც 99 მოქალაქე სასტიკად სცემეს; 6 მაისის საქმე, როდესაც პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილებს რეზინის ტყვიები ესროლეს და ორმა მათგანმა თვალი დაკარგა“ - განაცხადა ბესელიამ.
