ნატო იმედს გამოთქვამს, რომ ავღანეთში ISAF-ის ფარგლებში მუშაობის დასრულების შემდეგ, საქართველო ახალი მისიის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იქნება.
ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
მისი თქმით, ალიანსმა უკვე დაიწყო 2014 წლის შემდგომი მოქმედებების დაგემვა.
„ჩვენ არ გვინდა რაიმე ისე დავგეგმოთ, რომ საქართველო არ იყოს ჩართული. იმედია, საქართველო მონაწილეობას მიიღებს ამ ოპერაციაში“-განაცხადა აპატურაიმ.
მისი თქმით, ავღანეთის მიერ უსაფრთხოების დამოუკიდებლად უზრუნველყოფაში დაინტერსებულია როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა ისე საქართველო.
აპატურაიმ აღნიშნა, რომ ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ, მთავარი აქცენტები გაკეთდება ავღანეთის შეიარაღებული ძალების ტრენინგზე, კონსულტაციებსა და რჩევების მიცემაზე და ამ პროცესში საქართველოს ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე უნდა მოხდეს.
როგორც მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი მისიის დასრულების შემდეგ, ავღანეთში რომელი შენაერთები დარჩებიან.
მისი თქმით, მთავარი ლოზუნგია: „ერთად შევედით, ერთად გამოვალთ“.
ამასთან ვაშაძემ აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის მოკავშირის მოვალეობის შესასრულებლად.
