ჯეიმს აპატურაი - ხელისუფლების გადაბარება კონსტიტუციისა და კანონის დაცვით უნდა განხორციელდეს
ჯეიმს აპატურაი - ხელისუფლების გადაბარება კონსტიტუციისა და კანონის დაცვით უნდა განხორციელდეს
14:39 18.10.2012
საქართველოს საპატლამენტო არჩევნები ბწყინვალე ტესტი იყო, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველომ ჩააბარა.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

მისი თქმით, პროცესი ჯერ დასრულებული არ არის, მიმდინარეობს ხელისუფლების გადაბარება და ის კონსტიტუციისა და კანონის დაცვით უნდა განხორციელდეს. გარდამავალ პროცესს კი, მთელი საერთაშორისო საზოგადოება თვალყურს მიადევნებს.

„ეს იყო ბრწინვალე ნიშანი და დემონსტრირება იმისა, რომ საქართველო არის ნორმალური ქვეყანა, სადაც კანონის პატივისცემით ხორციელდება ხელისუფლების გადაცემა. ეს არის ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგი და ამით ყველამ უნდა იამაყოს“ - განაცხადა აპატურაიმ.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ყველა დონეზე პროფესიონალები მუშაობდნენ, რომლებიც რეფორმებისა და საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობას გააგრძელებენ.

რაც შეეხება ნატო-სთან შემდგომ თანამშრომლობას, აპატურაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავარი გზავნილი ამ ვიზიტისას არის ის, რომ ნატო საქართველოსთან ურთიერთობის ერთგული რჩება, ასევე, ერთგულია მანამდე მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა იმის შესახებ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.

„ჩვენ ასევე ერთგული ვართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და კვლავ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გაგრძელდეს რეფორმები საქართველოში და ქვეყანა უფრო დაუახლოვდეს ნატო-ს. ეს არა რიტორიკული, არამედ პრაქტიკული განცხადებაა“ - განაცხადა აპატურაიმ.



ბეჭდვა