თორნიკე გორდაძემ და სერგი კაპანაძემ ბრიუსელში შეხვედრები გამართეს
თორნიკე გორდაძემ და სერგი კაპანაძემ ბრიუსელში შეხვედრები გამართეს
13:49 18.10.2012
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლმა თორნიკე გორდაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლმა სერგი კაპანაძემ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართეს.

ისინი ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს ჰელგა შმიდთს და ამავე სამსახურის რუსეთის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“, ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გუნარ ვიგანდს შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში ორგანიზაცია „კარნეგი ევროპის“ მიერ სახელწოდებით „საქართველოს ევროპული ინტეგრაცია საპარალამენტო არჩევნების შემდეგ“ ღონისძიება გაიმართა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებისას, ისევე როგორც „კარნეგი ევროპის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მხარეებმა მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე ისაუბრეს, რომელიც შეფასდა როგორც სამართლიანი, დემოკრატიული და თავისუფალი.

ამასთანავე, განხილულ იქნა საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით მიმდინარე მოლაპარაკებები, სავიზო დიალოგი, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“. ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში ევროკავშირის როლზე და ამ კონტექსტში, აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ევროკავშირის მონიტორინგის მისიისა და ევროკავშირის არ აღიარების პოლიტიკის მნიშვნელობა.

ბრიუსელში ვიზიტამდე თორნიკე გორდაძე სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფებოდა, სადაც ECFR-ში სიტყვით გამოვიდა. შეხვედრაზე საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის ევრო ატლანტიკურ პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ბეჭდვა