მიხეილ სააკაშვილი ბუქარესტში რუმინელ კოლეგას შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი ბუქარესტში რუმინელ კოლეგას შეხვდა
13:16 18.10.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში, თავის რუმინელ კოლეგას ტრაიან ბასესკუს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მათ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრეს.

რუმინეთის პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული არჩევნებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აქვს დემოკრატიული მმართველობის კურსი და იბრძვის პოლიტიკური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და დემოკრატიული პროცესების გასაღრმავებლად. რუმინეთის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ დემოკრატიული არჩევნები, რომელიც საქართველოში 1 ოქტომბერს გაიმართა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს და იმ ერთობლივი, სტრატეგიული პროექტების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, რომელთა განხორციელებაც ორი ქვეყნის მთავრობებს შორის შეთანხმებების შედეგად გადაწყდა.


ბეჭდვა