სააკაშვილი - ევროპა საქართველოში პროცესებს „დიდი ლუპით“ დააკვირდება
სააკაშვილი - ევროპა საქართველოში პროცესებს „დიდი ლუპით“ დააკვირდება
10:55 18.10.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ევროპა საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაგრძელებას ელოდება და ქვეყანას დიდი „ლუპით“ დააკვირდებიან.

როგორც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბუქარესტში „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესის მუშაობის შეფასებისას განაცხადა, საქართველოს ძალიან რთული პერიოდი აქვს გასავლელი და ყველას მოუწოდა ახალ მთავრობასთან მჭიდროდ და კონსტრუქციულად ითანამშრომლოს.

„ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულ ეტაპზე გადადის, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელება. დეკემბერში ნატო-ს მინისტერიალი გაიმართება. თუ ჩვენ ახალ მთავრობასთან ერთად ვიმუშავებთ, ამ არჩევნებზე დაყრდნობით, გვაქვს შანსი, რომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ წინ“ - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის არჩევნები მთავარი ტესტი იყო და ახლა ის მზად არის ახალ პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობით, შესაძლებლობების ეს ფანჯარა გამოიყენოს.

მისი თქმით, საქართველოს აქვს მთავარი შანსი, რომ მომავალ წელს მიიღოს უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან და გააფორმოს ასოცირების ხელშეკრულება.

„შემდეგი თვეების განმავლობაში საქართველოს დიდი „ლუპით“ დააკვირდებიან. ყველას მოვუწოდებ, მჭიდროდ ითანამშრომლონ ახალ მთავრობასთან, რადგან ამ შემთხვევაში, მთავრობის პოზიცია საქართველოს პოზიციაა. ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ ახალ მთავრობასათან იყოს დიალოგი, რათა თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით, პროგრესი გაგრძელდეს“ - აღნიშნა სააკშვილმა.

ბეჭდვა