საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე მადლობა გადაუხადა „ევროპის სახალხო პარტიას“
მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოში ვერ იქნება სრული დემოკრატია, სანამ ხელისუფლება კიდევ ერთხელ არ შეიცვლება არჩევნების გზით.
სააკაშვილის თქმით, „ევროპის სახალხო პარტიის“ ოჯახის ღირებულებები - თავისუფლება, პასუხისმგებლობა, დემოკრატია, ტოლერანტობა, საბაზრო ეკონომიკა და მერიტოკრატიის ღირებულებები მის მთავრობას ბოლო 9 წლის მანძილზე შთააგონებდა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვირჩევდით, რომ ამ არჩევნების შედეგები ოდნავ განსხვავებული ყოფილიყო, მაგრამ ადამიანები, რომლებიც მიზნად დემოკრატიის შენებას ისახავენ, მზად უნდა იყვნენ ერთ დღეს წარმატებას მიაღწიონ, მეორე დღეს წარუმატებლობას შეეგუონ, შემდეგ კი ისევ წარმატება იზეიმონ“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მან ყური მოკრა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბედნიერია საქართველოს არჩევნების შედეგებით.
„მას უთქვამს, რომ ელოდებოდა ჩვენს არჩევნებს და ბედნიერი იყო ამ არჩევნების შედეგებით. მას შემიძლია ვუთხრა, რომ მისი ბედნიერება ნაადრევია“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი დანერგა და ისეთი მმართველისთვის, როგორიც პუტინია, რომელსაც ავტორიტარული მმართველობის შენარჩუნება სურს, „კარგი ამბავი არ არის, როდესაც მის საზღვრებთან მთავრობა არჩევნებით, თავისუფალი და სამართლიანი დემოკრატიული პროცესით შეიცვალა“.
