გიორგი კვირიკაშვილი - დიდი კაშხლების მშენებლობის საკითხი გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით გადაწყდება
გიორგი კვირიკაშვილი - დიდი კაშხლების მშენებლობის საკითხი გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით გადაწყდება
15:30 17.10.2012
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ დიდი კაშხლების მშენებლობის საკითხი გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით გადაწყდება.

როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კაშხლების მშენებლობასთნ დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტრო არავითარ შემთხვევაში თვითნებურ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.

მისი თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ბუნებრივი რესურსების გამოყენების პრინციპებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია - ფონდებს გარემოს დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს, მათი განკარგვა კი, გამჭვირვალე ტენდერების საშუალებით, ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა იქნება.

მისი თქმით, რესურსების გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია, რადგან მასზე მოთხოვნა გაცილებით დიდი იქნება. ბუნებრივი რესურსების გამოყენების ნებართვები ყოველგვარი პროტექციის გარეშე უნდა გაიცეს.

„ყველამ კარგად ნახა თუ როგორ მოიხმარებოდა ბუნებრივი რესურსები, რადგან ყოველ გაზაფხულზე მთელი საქართველო მეწყერმა წაიღო“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ექსპერტების ჯგუფისა და შესაბამისი სპეციალისტების მუშაობით, ის განუკითხაობა, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებით არსებობდა, უნდა მოისპოს.

ბეჭდვა